„ლელო“ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენს
„ლელო“ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენს

ბადრი ჯაფარიძეს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარვადგენთ შუალედურ არჩევნებში, რათა დავამტკიცოთ, ძალა არის ხალხის ხელში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას სამარცხვინო უწოდა.

„დღეს ჩვენ ყველამ ვნახეთ შეშინებული „ოცნება“, შეშინებული ხელისუფლება, ყურმოჭრილი დეპუტაცია, რომელსაც არ აქვს უნარი, თავისუფლად გამოთქვას აზრი. ეს არის კოლექტიური შიში. პარლამენტში უხმოდ დაუჭირეს მხარი სამარცხვინო გადაწყვეტილებას. რატომ არის ეს სამარცხვინო – კანონის საწინააღმდეგოა, რაც დღეს პარლამენტმა გააკეთა; ისევე არის ის ქმედება, რომელიც სამი წლის განმავლობაში ივანიშვილის დავალებით მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ, პოლიტიკური დევნა. არ გამოუვიდა ივანიშვილს ჩვენი ციხეში ჩაჯდომა, მურუსიძის სასამართლომაც ვერ მოგვკიდა ხელი. მოიგონეს შეთხზული სისულელე. ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა.

დღეს, როგორც არასდროს, უფრო მეტი ენერგიით შევებმებით იმ საქმეს, რასაც საქართველოს დახსნა ჰქვია რუსული ოლიგარქისგან. ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, იმისათვის, რომ დავუმტკიცოთ, ძალა არის ხალხის ხელში; იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, რომ მანდატზე კი არ არის საუბარი, ცვლილება შეგვიძლია და მე მინდა, მივმართო რუსთაველებს, ეს არის პრინციპული ბრძოლა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღეს მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

​„ამ მხარდაჭერამ მაიძულა, ეს გადაწყვეტილება მიმეღო, რომ ჩავერთო შუალედურ არჩევნებში რუსთავში, რათა რუსთავში დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ეს არ არის მხოლოდ რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარული არჩევნები, ეს არის საშუალება, რომ გაერთიანებული პასუხი გავცეთ იმ უკანონობასა და თავგასულობას, რასაც ყოველდღე აჩვენებს „ქართული ოცნება“. ეს უნდა იყოს ოპოზიციურ გაერთიანებული პასუხი და მე ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს ამ კამპანიაში, რომელშიც ჩავერთვები ხვალიდან. იმისათვის, რომ ეს იყოს არა ბადრი ჯაფარიძის ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ოპოზიციის ბრძოლა ცვლილებებისთვის. დავიწყებთ კონსულტაციებს ოპოზიციონერ კოლეგებთან, რომ გაერთიანებულად ვუპასუხოთ იმ უკანონობას, იმ თავგასულობას, რაც დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტმა დღეს კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება.