პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს არ დაუჭერს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრება საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მოხდა.
მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისთვის შერჩეული ორი კანდიდატიდან ერთ-ერთს – გიორგი კალანდარიშვილს, მისი და მისი პარტიის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება.
„რამდენიმე დღეა, ვსაუბრობ კანდიდატებთან დაკავშირებით. იცით, რომ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა. რაც იყო მისაღწევი, ამ პირობებში მაქსიმუმი გავაკეთეთ. რაც შეეხება კანდიდატებს, ახალი პროცედურის მიხედვით მოხდა ამ ადამიანებთან გასაუბრება. სამწუხაროა, რომ ორი კანდიდატია პრეზიდენტისთვის წარდგენილი, მათ შორის ერთი კალანდარიშვილი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობს. მას დიდი ხანია, ვიცნობ. ის იყო წარმომადგენელი ცესკო-ს უწყებათაშორის საბჭოში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში იყო და ის ადამიანი პირდაპირ აპრავებდა ყველა დარღვევას, რომელიც იყო ხელისუფლების მიერ ჩადენილი. ამიტომ, კალანდარიშვილს ჩემი და ჩემი პარტიის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, მასთან დაკავშირებით არ მაქვს ისეთი დეტალური ინფორმაცია, როგორც კალანდარიშვილზე, გავივლით ამ საკითხს და საერთო ფორმატში მივიღებთ გადაწყვეტილებას. ცვლილებას აქვს ყველა შემთხვევაში აზრი, ვინაიდან ხუთი წლით აღარ მოხდება ასეთი ადამიანების არჩევა, ექვსი თვით ხდება დროებითი წევრის არჩევა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება ცესკო-ს წევრობისთვის შერჩეულ კანდიდატებს, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად მისაღები ადამიანები არიან წარმოდგენილი.
„წევრებთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ ობიექტურები. წევრების შემთხვევაში გაითვალისწინეს არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების აზრი და მეტ-ნაკლებად მისაღები ადამიანები არიან წარმოდგენილი“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
კითხვაზე: „ ოპოზიციის ნაწილის მსგავსად, ხომ არ შეუერთდებით ბოიკოტს კანდიდატების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ამ ინიციატივას არ იცნობს და საკითხზე ოპოზიციასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ამ თემაზე ოპოზიციის ნაწილთან საუბარი არ მქონია, არ ვიცნობ ამ ინიციატივას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.
კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.
შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს ის პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.