პაატა მანჯგალაძე - აბსურდია, თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთთან კომპრომისებით, ნატო-სა და ევროკავშირისგან დისტანცირებით ფონს გავალთ
აბსურდია, თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთთან კომპრომისებით, ნატო-სა და ევროკავშირისგან დისტანცირებით ფონს გავალთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავიანთ პოლიტიკას არ შეცვლიან.
„ვაფრთხილებდით „ქართულ ოცნებას“, რომ რუსეთთან კუდის ქიცინით, მუხლებზე დგომით და ლაქუცით ვერაფერს მივიღებდით. ასეთი პოლიტიკა არაერთხელ სცადეს, მათ შორის შევარდნაძემ – ხუთი თუ ექვსი მინისტრი დანიშნა რუსეთის გავლენის აგენტებიდან, შემდეგ მას ორი აფეთქება მოუწყვეს. აბსურდია, თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთთან კომპრომისებით, დასავლეთისა და უკრაინის ლანძღვით, ნატო-სა და ევროკავშირისგან დისტანცირებით ფონს გავალთ. ზახაროვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავიანთ პოლიტიკას არ შეცვლიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.