მარია ზახაროვა - საქართველოსგან ვითხოვთ სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ
მარია ზახაროვა - საქართველოსგან ვითხოვთ სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ

ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მედიასაშუალებების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვა, რათა აღიკვეთოს შესაძლო პროვოკაციები გარედან, რაც აქტუალურია ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებას ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამაში ვხედავთ რეგიონში სტაბილურობის გარანტიას. 15 წლის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა მათი საიმედო დაცვის და ეტაპობრივი განვითარების, თანამედროვე და თვითმყოფად სახელმწიფოებად გადაქცევის გარანტია გასცა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირეობის გაღრმავებას. ერთობლივი ძალისხმევით არსებითი შედეგები იყო მიღწეული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. მათი მოკავშირეობის ნათელ მაგალითს წარმოადგენდა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული სპეციალური საომარი ოპერაციისა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მხარდაჭერა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.