პაატა კვიჟინაძე - შუა დერეფანში წამყვანი ტვირთბრუნვაა, თუ გვინდა, ანაკლიის პორტი დაიტვირთოს, ამ პროექტში ჩინეთის მონაწილეობა აუცილებელია
შუა დერეფანში წამყვანი ტვირთბრუნვაა, თუ გვინდა, ანაკლიის პორტი დაიტვირთოს, ამ პროექტში ჩინეთის მონაწილეობა აუცილებელია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპამ და ამერიკამ ანაკლიის პორტის პროექტში არჩართვის სურვილი ტვირთის არარსებობის გამო გამოთქვეს.
„ამ დროისთვის ევროპიდან და ამერიკიდან არცერთმა კომპანიამ ამ პროექტში ჩართვის სურვილი არ გამოთქვა. ეს გასაგებია, რადგან დღეს ტვირთი არ არის. ბათუმსა და ფოთს შეუძლია, უახლოესი წლების განმავლობაში ტვირთები თავისუფლად მიიღოს. თუ მოდერნიზაცია მოხდება, შეიძლება, ათეული წლების განმავლობაშიც, რადგან შუა აზიის ტვირთის დიდი ნაწილი ჩინეთმა წაიღო და ირანით ინდოეთის ოკეანეში გადის. ასევეა რუსეთი, ამიტომ ტვირთი არ არის. მთავარია, ჩინეთის ჩართულობა, რადგან ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდ დოლარს. თუ ამ პროექტში ჩინეთი ჩაერთვება, ტვირთის საკითხი მოიხსნება. ჩვენ 780 მილიარდის 5-10 პროცენტსაც ვერ გავატარებთ, კიდევაც რომ მოვინდომოთ“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრის აზრით, ჩინეთი გავლენიანი ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოებისა და ტვირთების უზრუნველყოფა შეუძლია.
„მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება უსაფრთხოებაა. წარმოიდგინეთ, ეს როგორ რეგიონში ხდება, კასპიის ზღვა განაწილებული აქვს რუსეთს, ირანს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას. ასევეა შუა აზიის რესპუბლიკები. აქ ყველაზე გავლენიანი ქვეყანა ჩინეთია, რომელსაც შეუძლია როგორც უსაფრთხოება უზრუნველყოს, ასევე ტვირთების რაოდენობა. ახლა ტვირთები არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ 80-100-მილიონიანი ტვირთბრუნვის პორტზე და ასეთი ტვირთი ჩინეთის გარეშე არ იქნება. ჩვენთვის იდეალური და საოცნებო იქნებოდა, რომ დაძაბულობა არ ყოფილიყო, ევროპა, აშშ და ჩინეთი კი ამ საკითხში წილობრივად შესულიყო. ეს პროექტი ჩინეთის გარეშე წარმატებული არ იქნება. ვამბობთ, რომ ჩვენთვის შუა დერეფანი გადამწყვეტია. შუა დერეფანში წამყვანი ტვირთბრუნვაა. თუ გვინდა, რომ ტვირთბრუნვა იყოს და ანაკლიის პორტი დაიტვირთოს, ამ პროექტში ჩინეთის მონაწილეობა აუცილებელია“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.