პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში სახლის პირობებში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს
პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში სახლის პირობებში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტია, რომელიც სახლის პირობებში მკურნალობს.

მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტთან პირველადი ტესტი უკვე უარყოფითია და განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც ჩაითვლება ის გამოჯანმრთელებულად.

„ასეთი პაციენტი საქართველოში არის ერთი. ამ პაციენტს ჩაუტარდა უკვე ტესტი და იყო უარყოფითი, ველოდებით მეორე ტესტის პასუხს, რომ იყოს უარყოფითი, რათა შესაძლებელი იყოს მისი გამოჯანმრთელებულად ჩათვლა. კლინიკურად ის აბსოლუტურად ჯანმრთელია“, – აღნიშნა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძემ განმარტა, რა შემთხვევაში დარჩებიან სახლში სამკურნალოდ კოვიდინფიცირებული პაციენტები.

„როცა ვეღარ დაიტევენ პაციენტებს ჩვენი კლინიკები. საბედნიეროდ, როგორც ვხედავთ, ასეთი სიტუაცია ქვეყანაში არ გვაქვს. თუ ჩვენი კლინიკები ვეღარ დაიტევენ, ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაშინ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი დარჩა სახლში სამკურნალოდ, იყო ოჯახური, პირადი მოტივები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.