პაატა იმნაძე - ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები, შესაბამისად სადღაც 10 იანვრიდან 20 იანვრამდე, შესაძლოა შემთხვევებმა მოიმატოს
ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. შესაბამისად, სადღაც 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შესაძლოა, შემთხვევებმა მოიმატოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იმნაძე აცხადებს, რომ დღეს დაშვებული ვაჭრობის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის დიდად გაზრდას არ ელოდება.
„რა ინფორმაციაც მაქვს, ჯერჯერობით ყველგან, განსაკუთრებით დიდ მოლებში კარგად არის დაცული წესები. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა. ყველა ხედავს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში როგორი იყო ავადობა და როგორია დღეს. ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩვენმა კლინიცისტებმა, რომელთაც ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ ამ დღეებში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის სტაბილური, ამიტომ დღეს არ მგონია, რომ ვაჭრობამ დიდად მოუმატოს შემთხვევების რიცხვი. მე ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. ეს მაშინებს ყველაზე უფრო. შესაბამისად, სადღაც 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შესაძლოა, შემთხვევებმა მოიმატოს“, – განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფოს 20 ათას ტესტამდე შეუძლია გააკეთოს ყოველდღიურად, ამიტომ მოქალაქეებს, რომელთაც სულ მცირე სიმპტომები მაინც აქვთ, მოუწოდებს, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.
„სისტემა მზად არის 20 ათასი ტესტი აკეთოს ყოველდღე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თანამოქალაქეებს, მიბრძანდნენ თუ ოდნავ მაინც ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა კოვიდი ჰქონდეთ და გაიკეთონ ტესტი“, – აღნიშნა იმნაძემ.