პაატა იმნაძე - ყველაზე მძიმე შემთხვევაში, ჩვენთან იქნება ის, იმაზე უარესი, რაც ხდება დღეს დასავლეთის ძალიან განვითარებულ ბევრ ქვეყანაში
აჩვენეთ, რა ხდება დღეს უკვე დასავლეთის ძალიან განვითარებულ ბევრ ქვეყანაში, საავადმყოფოებში, აი ის იქნება, იმაზე უარესი ჩვენთან, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში შეკითხვას, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, როგორი შეიძლება იყოს ჩვენთან ეპიდემიოლოგიური სურათი.
პაატა იმნაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, გაიკეთონ გრიპის საწინააღმდეგო აცრები.
„პროგნოზები ყველანაირი გვაქვს, მათ შორის, ძალიან არასახარბიელო და ძალიან მძიმე. ერთადერთი, ისიც არის, რომ მოგეხსენებათ, მესამე კვირაა, გრიპის ვაქცინაცია აქტიურად მიდის ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რისკის ჯგუფები ვინც არიან და ეს გამოქვეყნებულია, მათთვის სახელმწიფოს უფასოდ აქვს ეს ვაქცინა. სახელწიფოს ყველა პოლიკლინიკაში შესაძლებელი არის რისკის ჯგუფების აცრა. კომერციულმა სექტორმაც შემოიტანა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და მათაც შეუძლიათ აცრა.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ იგივე გრიპისაგან კარგად გვიცავს ზუსტად იგივე რეკომენდაციები, რაც კორონას შემთხვევაში. ანუ ისევ და ისევ პირბადე და დისტანციის დაცვა. ზუსტად იგივენაირად დაგვიცავს გრიპისაგან და სხვა რესპირატორული ვირუსებისაგან, როგორც კორონას შემთხვევაში. ასე რომ, რეკომენდაციებს თუ დავიცავთ, მაშინ არ გვექნება ის ძალიან პესიმისტური პროგნოზები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.