პაატა იმნაძე - ვითარებას მხოლოდ ციფრებით არ ვაფასებთ, ბევრი ფაქტორია, რომლის საფუძველზეც მთავრობას ვურჩიეთ, ვირუსის გავრცელების შენელების ფაზაზე გადავსულიყავით
პაატა იმნაძე - ვითარებას მხოლოდ ციფრებით არ ვაფასებთ, ბევრი ფაქტორია, რომლის საფუძველზეც მთავრობას ვურჩიეთ, ვირუსის გავრცელების შენელების ფაზაზე გადავსულიყავით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, თუ რატომ ერჩია მთავრობას, შეჩერების ეტაპიდან, ვირუსის გავრცელების შენელების ფაზაზე გადასულიყვნენ.

როგორც იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ჩართვისას განაცხადა, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებენ არა მხოლოდ ციფრებით, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

იმნაძის განმარტებით, ეს ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად თავიდან ავირიდოოთ ის, რაც ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში მოხდა, როდესაც მოკლე დროში შემთხვევების უკონტროლო, ზვავისებური მატება დაიწყო.

„ბევრი კითხვა გამოიწვია, 35 შემთხვევაზე რატომ ვამბობთ ამას, ჩვენ ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას არა მარტო ციფრებით, არამედ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვერჩია მთავრობისთვის, გადავსულიყავით შემდეგ ფაზაზე, ანუ გავრცელების შენელების ფაზაზე. ეს არის ყველაფერი გაკეთებული, რათა მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ის, რაც მოხდა ძალიან ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში, როდესაც შემთხვევების უკონტროლოდ ზრდა დაიწყო უცბად, შემთხვევების ზვავისებური მატება. სწორედ მიტომ გახდა დამატებითი ღონისძიებების მიღება საჭირო, მათ შორის გარკვეული შეზღუდვების გაფართოება, ვთქვათ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაზე, გარკვეული იმ ობიექტების დამატება შეზღუდვებში, რომლებშიც ადრე არ იყო შეზღუდვები, სადაც ადამიანები იკრიბებიან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ქვეყანაში შემთხვევების ზვავისებური მატება, რისი გამოცდილებაც არის ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში“ ,- განაცხადა პაატა იმნაძემ.