პაატა იმნაძე - ვერ გეტყვით, ჯარიმები რამდენად იმოქმედებს, თუმცა ყველას ეგონა, ქართველი ღვედს არასოდეს გაიკეთებდა, მაგრამ სანქციებმა ყველას გააკეთებინა
გამოსავალი არ გვაქვს, ან წესებს დავემორჩილებით, ან გვექნება კორონა და მერე დავივიწყოთ ტურიზმიც, ეკონომიკის განვითარებაც და ყველაფერი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გასაგებია, რომ ქართველები ვართ და ამდენი წესების შესრულებისგან დავიღალეთ; მესმის, რომ ეს შეზღუდვები დისკომფორტია და ყველა გადავიღალეთ, მაგრამ გამოსავალი არ გვაქვს. ან ამ წესებს დავემორჩილებით, ან გვექნება კორონა და მერე დავივიწყოთ ტურიზმიც, ეკონომიკის განვითარებაც და ყველაფერი“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, დღევანდელი ციფრები ძალიან საგანგაშო არ არის, თუმცა, ძალიან საყურადღებოა.
„ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელი ციფრები ძალიან საგანგაშოა, თუმცა, ძალიან საყურადღებოა. ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, რაც უმარტივესი წესებია – ნიღაბი დახურულ სივრცეში, მაქსიმალური ფიზიკური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება“, – განაცხადა იმნაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა საჯარიმო სანქციები მოქალაქეთა ნაწილის დამოკიდებულებას და მოცემულობას, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ძნელი სათქმელია, საჯარიმო სანქციები რამდენად იმოქმედებს, მაგრამ ალბათ, გავლენას იქონიებს.
„ვერ გეტყვით, საჯარიმო სანქციები ამაზე რამდენად იმოქმედებს, თუმცა, ხომ გახსოვთ, ყველას ეგონა, რომ ქართველი ღვედს არასოდეს გაიკეთებდა, მაგრამ საჯარიმო სანქციებმა ყველას გააკეთებინა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.