პაატა იმნაძე - უკვე ქორწილებიც არის დაშვებული, მაგრამ წესებს თუ არ დავიცავთ, „კორონა“ არ გაჩერდება
პაატა იმნაძე - უკვე ქორწილებიც არის დაშვებული, მაგრამ წესებს თუ არ დავიცავთ, „კორონა“ არ გაჩერდება

უკვე ქორწილებიც არის დაშვებული, მაგრამ წესებს თუ არ დავიცავთ, „კორონა“ არ გაჩერდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პაატა იმნაძემ ისაუბრა გარდაბნის რეგიონის სოფლებზე, რომლებშიც, მისი თქმით, ეპიდემიოლოგებთან ჯერ ძალიან კარგად თანამშრომლობს მოსახლეობა.

„ჩვენი ჯგუფები იქ მუშაობენ დღეს და კარგია მოსახლეობის გამოძახილი, მოდიან ადამიანები, იკვლევენ. თუ არაფერი პრობლემა არ იქნება მოსახლეობის მასობრივ კვლევებთან დაკავშირებით, არ გახდება საჭირო არავითარი გამკაცრება რეჟიმის.

მთავარია, ყველა ადამიანმა დაიცვას უმარტივესი წესები, რაც დარჩა.

მოგეხსენებათ, პრაქტიკულად, ძალიან ცოტა დარჩა ისეთი, რაც გაუხსნელია. ასე ვთქვათ, ბიზნესები ქვეყანაში გაიხსნა, აგერ, ქორწილებიც არის უკვე დაშვებული. მაგრამ ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, „კორონა“ არ გაჩერდება. შანსი არის ერთი, ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი. დავიცვათ სოციალური დისტანცია, მაშინ არაფერი არ დაიკეტება. თუ გვეკეთება ნიღაბი, დავიცავთ დისტანციას, არავითარი საშიშროება არ იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.