პაატა იმნაძე - თუ წესებს არ დავიცავთ, კორონავირუსის მეორე ტალღას უცებ მოვაახლოვებთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელია და მსოფლიოში ამ დარგში მომუშავე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე საუბრობს.
„ეს არის ძველი გამოცდილება, პირველ რიგში, 1918 წლისა და 2009 წლის პანდემიის გამოცდილება. ორივე ამ პანდემიას ჰქონდა მეორე ტალღა, რომელიც მეორე ზამთრის სეზონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, 1918 წელში უფრო ძლიერიც კი, ვიდრე პირველი ტალღა. ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს. თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას უცებ მოვაახლოვებთ“,- განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, პაატა იმნაძე არ ფიქრობს, რომ საქართველოში შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო და აცხადებს, რომ ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, ვირუსის გავრცელების რისკები შემცირდება.
„ნაადრევად არ მოხდა, თავის დროზე მოხდა ყველაფერი. აქ მთავარი იქნება თითოეული ჩვენგანი და ასევე ბიზნესი როგორ მოიქცევა. თუ ბიზნესი მოუფრთხილდება თავის ბიზნესს და ყველა წესს დაიცავს თავის სფეროში, ასევე ჩვენ დავიცავთ ყველა წესს. მესმის, რომ დისკომფორტია, მაგრამ არ არის ძნელი შესასრულებელი, ესაა – დისტანცია, ნიღაბი, თავყრილობის შეზღუდვა“,- განაცხადა იმნაძემ.