პაატა იმნაძე - ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა-წითურა-ყბაყურასა და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე თუ მართალია, გაცილებით დაცული ვიქნებით
თუ ეს ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა-წითურა-ყბაყურასა და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში, – საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ქვეყანაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ძალიან ბევრს აქვს გაკეთებული წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა, პრაქტიკულად ყველა არის ბცჟ-თი აცრილი.
„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან პირველი რაც გამოქვეყნდა იყო რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტი. ასევე იყო ასე ვთქვათ დამცველობითი ეფექტის მქონე, არა იმით, რომ ავად არ ხდებოდნენ, მაგრამ იმით, რომ ადვილად გადაიტანდნენ. ასევე ბცჟ-ზე გამოქვეყნდა იგივე, რომ ნაკლებად ემართებათ და უფრო ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოტეზა, რომელიც არ არის ჯერ მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია მოცვა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით, პრაქტიკულად ყველა არის ბცჟ-თი აცრილი და ეს არ არის ახალი თაობა მარტო, ეს არის ძველი თაობაც, რადგან ბცჟ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.