პაატა იმნაძე - თქვენ გგონიათ, ანტივაქსერი ისაა, რომ გამოდის და იძახის, დაგჩიპავენო? ეგ არ არის, ანტივაქსერი ისაა, ვინც ამბობს, უიმე, ეს ვაქცინა არ ვარგაო
თქვენ გგონიათ, ანტივაქსერი ისაა, რომ გამოდის და იძახის, დაგჩიპავენო? ეგ არ არის. ანტივაქსერი სწორედ ისაა, ვინც გამოდის და იძახის, უიმე, ეს ვაქცინა არ ვარგაო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ამით ის ადამიანებს რწმენას ურყევს. როცა შენს ქვეყანას ძალიან უჭირს და დიდი ძალისხმევით მოიპოვა რაღაც ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 35 ქვეყანაში გამოიყენება, იმის მაგივრად, რომ ადამიანებს ამ ვაქცინის რწმენა ჰქონდეთ და ამ რწმენას რომ უქარწყლებს, ისაა ანტივაქსერი“, – განაცხადა იმნაძემ.
ამ განცხადებით პაატა იმნაძემ გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმთა ნაწილის განცხადებებს, რომლებიც „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებენ.
იმნაძის თქმით, „სინოვაკის“ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
„ეს ვაქცინა მიიღებს ავტორიზაციას. გამორიცხულია, რომ არ მიიღოს. იმიტომ, რომ ყველა მონაცემში, რომელიც იქ არის წარდგენილი, საკმაოდ კარგი მტკიცებულებებია შეგროვებული იმისთვის, რომ ეს ვაქცინა ნამდვილად იქნას ჯანმო-ს მიერ ავტორიზებული“, – განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს.
„ფაუჩიმ თქვა, რომ ის ვაქცინაა კარგი, რომლითაც დღეს შეიძლება, აიცრა. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს დრო, რადგან ჩვენი ადამიანები გადასარჩენია“, – განაცხადა იმნაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არის დღემდე საჭირო ორივე დოზაზე ცალ-ცალკე რეგისტრაცია მაშინ, როცა შეიძლება, მეორე ჯავშნის აღება ავტომატურად მოხდეს და იგეგმება თუ არა რეგისტრაციის პროცესის გამარტივება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, ადამიანებს არჩევანის თავისუფლება შეეზღუდებათ.
„ასტრაზენეკას“ ერთი დოზიდან მეორე დოზამდე 8-12 კვირა სჭირდება და წარმოიდგინეთ, ადამიანს 12 კვირის შემდეგ რომ უნიშნავ დროს – ამ დროს, აქ მოხვალო. მესმის, რომ ყველაფრის კრიტიკა შეიძლება, მაგრამ 12 კვირის მერე იქნებ, არ მაწყობს იქ მისვლა; მეთერთმეტე კვირაზე შეიძლება, სადღაც ვიყო და იქ ავიცრა, ხომ? ადამიანებს არჩევანის თავისუფლება რატომ უნდა წავართვათ?! ყველა დაწყნარდეს და დამშვიდდეს, რადგან მეორე დოზა ყველას ერგება და ვინც პირველი დოზა მიიღო, იმისთვის მეორე დოზა ყოველთვის არის შენახული. ასე რომ, აცრის გარეშე არავინ დარჩება“, – განაცხადა იმნაძემ.
შეკითხვაზე, რა კეთდება იმისთვის, რომ რეგიონებში მიმართვიანობის მაჩვენებელი შეიცვალოს, რადგან ადამიანთა დიდ ნაწილს ვაქცინაციის საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად, მიმართვიანობაც დაბალია, იმნაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამას სხვადასხვა სამსახურების თანამშრომელთა ვიზიტები არ ჰყოფნის და იქ მუშაობა ნამდვილად არის გასააქტიურებელი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, ზაფხულში და შემოდგომაზე, მსოფლიო ბაზრებზე გაცილებით მეტი თავისუფალი ვაქცინა გაჩნდება.
„ზაფხულში და შემოდგომაზე, გაცილებით მეტი თავისუფალი ვაქცინა გაჩნდება ბაზრებზე და ასე ვთქვათ, მეტი ჩვენი მეგობარი შეძლებს, ამ ვაქცინების მოწოდებაში დაგვეხმაროს“, – განაცხადა იმნაძემ.
შეკითხვაზე, როდის შეიძლება, მოიხსნას დარჩენილი შეზღუდვები, რადგან ქვეყანამ პიკური პერიოდი უკვე გადაიარა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მართალია, ქვეყანამ პიკი გადაიარა, მაგრამ დღეში 1 000 შემთხვევა მაინც ფიქსირდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ჯერჯერობით, შეზღუდვების მოხსნა საფრთხის შემცველია.