პაატა იმნაძე - თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება
თუ ჩვენი თანამოქალაქეების 90 პროცენტზე მეტი პირბადით იქნება იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70 პროცენტით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, რამდენი ახალი შემთხვევა იქნება ქვეყანაში.
„თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. პირბადე რჩება დაცვის საუკეთესო საშუალებად. პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში, ის პროგნოზები, რაც გვაქვს და არ არის დამამშვიდებელი პროგნოზები, შემცირდება. თუ ჩვენი თანამოქალაქეების 90 პროცენტზე მეტი პირბადით იქნება იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70 პროცენტით.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ განხორციელდა სტრატეგიის შეცვლა და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დიაგნოსტიკაში დაინერგა. ევროკავშირმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის ქვეყნებშიც სწრაფი ტესტები დაიგეგმება დიაგნოსტიკაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.