პაატა იმნაძე - სწრაფი ტესტების პირველი პარტია უკვე შემოსულია საქართველოში იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ისინი
სწრაფი ტესტების პირველი პარტია უკვე შემოსულია საქართველოში იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ისინი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაატა იმნაძემ განმარტა, თუ რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის.
იმნაძის თქმით, არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ანუ ის, რასაც ლუგარის ლაბორატორია და არა მარტო ის, არამედ ამ ეტაპზე უკვე ინფექციური საავადმყოფო იყენებს.
„ჩვენი ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები ჩაერთნენ რამდენიმე დღეა და ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია თბილისში ამ ტესტირებაში. ისინი სარგებლობენ პჯრ, ანუ პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციის ტესტით, რომელიც არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში, ძალიან ბევრი დაავადების და მათ შორის „კოვიდ-19“-ის დიაგნოსტიკაში. ამ ტესტს, კლასიკურს სჭირდება რამდენიმე საათი იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხი.
არსებობს დაჩქარებული პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციის ტესტები, რომელიც იძლევა საშუალებას და უკვე გამოჩნდა ერთ-ერთი ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, რომლის წარმოების აპარატები დახურულ სისტემაში მუშაობს, კარტრიჯებით არის. ის უფრო მარტივია და არ საჭიროებს ძალიან მაღალი კლასის სპეციალისტების ჩართულობას. ასეთი აპარატი საქართველოში 50-ია.
დგას ძალიან დიდი რიგი ქვეყნების, რადგან ეს არის ამერიკული კომპანია. მოგეხსენებათ, თვითონ იქ არის პრობლემები დიაგნოსტიკაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ვმუშაობთ ამაზე, რომ სხვადასხვა გზებით, რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი შესაძლებელი იქნება ამ ტესტების ამერიკის გარეთ ექსპორტი, ჩვენც გვექნება ეს ტესტები.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ სწრაფი ტესტები, რომელიც უკვე შემოსულია საქართველოში. პირველი პარტია, ეს იქნება ასე ვთქვათ ვალიდაციისათვის, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ეს ტესტები, ვიცით რომ საკმაოდ კარგი ტესტებია. ესეც ასევე სწრაფი ტესტია, ოღონდ მას მაინც სჭირდება გარკვეული აპარატი, რომელიც შემდეგ ამ ტესტს, მის შედეგს უფრო ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული“, – აცხადებს იმნაძე.
პაატა იმნაძის თქმით, გარდა ამისა უკვე არსებობს სწრაფი, მარტივი ტესტები.
„ეს ბევრს აქვს საქართველოში ნანახი, იგივე „ცე“ ჰეპატიტის კვლევა ვისაც ჩაუტარებია, როდესაც სისხლის წვეთით კეთდება, თუმცა სხვათა შორის, არის ზოგიერთი ტესტი, რომელიც მაგალითად ვენურ სისხლზე მუშაობს და ეს არის ანტისხეულების აღმოჩენის, ანუ ორგანიზმის პასუხის აღმომჩენი ტესტები. ასეთი არის უამრავი, მსოფლიო ბაზარი გადაივსო, მაგრამ ყველა ეს ტესტი საჭიროებს ძალიან, ძალიან დიდი სიფრთხილით შეძენას. მოგეხსენებათ, სამინისტრო იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი, რადგან ის ტესტები დაიწუნა იგივე ესპანეთმა, რომელსაც ჩვენზე 1-2 დღით ადრე მიღებული ჰქონდა უკვე და აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ ვერ მუშაობს ისე, როგორც იყო გაცხადებული თავიდან. ამ კომპანიამ, თვითონ მთელს მსოფლიოში გაავრცელა და ამოიღო მოხმარებიდან ეს ტესტები. საკმაოდ კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიაა და განმარტა, რომ წყვეტდა ამ პარტიის წარმოებას და დისტრიბუციას მსოფლიოში. ამიტომ, აქვს მნიშვნელობა სერიოზულ კომპანიებთან საქმის დაჭერას.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ სწრაფი მარტივი ტესტი, ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ კორეას აქვს. არის ცნობები, რომ რაღაც ტესტები შეიძლება მალე გამოჩნდეს სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ჯერჯერობით აქვს მხოლოდ კორეას. ამ ანტიგენის სწრაფ, მარტივი ტესტზე კორეასთან მიდის მუშაობა, ძალიან მაღალ დონეზე, ჩართულია საელჩო, ესეც ძალიან შეზღუდული რაოდენობით აქვს თვითონ კორეას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.