სკოლები და ბაღები სასწავლო პროცესის შეჩერებაზე რეკომენდაციას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად მიიღებენ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე რეკომენდაციას განათლების სამინისტროს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად მისცემენ.
როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, მიმდინარე კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსის შემცირების ტენდეციაა.
„სკოლებისა და ბაღების დახურვის მოთხოვნა ძირითადად პოსტ საბჭოთა ქვეყნების მოთხოვნაა ხოლმე. არსებობს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება. სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე? სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსის 256 შემთხვევაა. ჯერ ავადობის შემცირების ტენდენცია არის, დავაკვირდებით ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, გრიპის წლევანდელი სეზონი გახდა არა მოსახლეობის ინფორმირებულობის, არამედ მოსახლეობის დაშინებისა და დაპანიკების საფუძველი.
„ჩვენ იძულებულები გავხდით, გამოგვექვეყნებინა ბოლო 10 წლის გრიპის სეზონების სტატისტიკა ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე. მეჩვენება, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინება, თითქოს გრიპი პირველად არის. როდესაც ათასობით ადამიანი ავად ხდება, სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ეს სტატისტიკა არის მძიმე და ჩვენ არ ვაქვეყნებთ ჩვეულებრივ, მაგრამ იძულებულები გავხდით, გამოგვექვეყნებინა”, – განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს გრიპის ვირუსი მხოლოდ საქართველოშია.
„შარშანდელ სეზონზე, როდესაც იგივე H1N1 ცირკულირდებდა აშშ-ში 80 000 ადამიანია დაღუპული, ეს იმას ნიშნავს, რომ CNN-ის, CBS, ABC , მთელი დღეები დაკავებულები უნდა ყოფილიყვნენ იმით, თუ რა გადაეცათ რამდენი ადამიანი დაიღუპა”, – განაცხადა იმნაძემ.