პაატა იმნაძე - სისხლის პლაზმით მკურნალობა მიღებული მეთოდია, ჩვენთანაც გამოიყენებოდა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სისხლის პლაზმით სხვადასხვა დაავადების მკურნალობა ცნობილი და მიღებული მეთოდია და საქართველოშიც გამოიყენებოდა, მათ შორის, ყირიმ-კონგოს ცხელების სამკურნალოდ.
თუმცა, როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, აღნიშნული მეთოდით მკურნალობისთვის კონკრეტული ინფექციისგან, მათ შორის, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ბევრი ადამიანის სისხლია საჭირო.
„ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი. საქართველოში ეს მეთოდი ჩვენ გამოყენებული გვაქვს. ძველადაც იყენებდნენ, მაგრამ ბოლოს მძიმე დაავდების დროს იყო, როდესაც ყირიმ-კონგოს ცხელების დროს ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენა. ჩვენი ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ მაშინ, რადგან ჩვენთან ასეთი ავადმყოფი ჯერ არ იყო. ამას სჭირდება, რომ ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი გვქონდეს, რათა შემდეგ ეს გამოვიყენოთ ახალ მძიმე პაციენტებზე. ეს მეთოდი ცნობილია, ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ, მაგრამ ყოველთვის უკეთესია, მკურნალობის შესახებ კითხვები დაუსვათ ინფექციონისტებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.