პაატა იმნაძე - შეზღუდვების მოხსნას ფრთხილად ვუდგებით, ძალიან გვეშინია, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოგვიყვანია, არ გახდეს არაკონტროლირებადი და ამ ზაფხულს კორონას ახალი მატებით არ შევხვდეთ
პაატა იმნაძე - შეზღუდვების მოხსნას ფრთხილად ვუდგებით, ძალიან გვეშინია, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოგვიყვანია, არ გახდეს არაკონტროლირებადი და ამ ზაფხულს კორონას ახალი მატებით არ შევხვდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მართალია, მოსახლეობა შეზღუდვებით დაღლილია, თუმცა ეს აუცილებელია, რათა ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს.

პაატა იმნაძის თქმით, გარკვეული შეზღუდვები იხსნება, თუმცა ამ მიმართულებით ფრთხილი ნაბიჯებია საჭირო.

პაატა იმნაძემ მაგალითად სომხეთი მოიყვანა, სადაც როგორც აღნიშნა, შეზღუდვების ერთდროულად მოხსნის შემდეგ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ვირუსის იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოში მთლიანად არის გამოვლენილი.

„ძალიან მესმის, რომ შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა ამ შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდზე გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენხელა ქვეყანა სომხეთი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა. თუმცა საინტერესოა, რომ საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნებული იქნა, ოღონდ გაუქმდა აკრძალვები ტრანსპორტი იქნება ეს, თუ რესტორნები. არა თუ ღია, დახურული რესტორნებიც ამუშავდა. ანუ, ყველაფერი გაიხსნა, ეკონომიკა მთლიანად გაიხსნა. ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ბოლო სამ დღეში დაფიქსირდა იმაზე მეტი შემთხვევა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს. მოგეხსენებათ, ნელ-ნელა იხსნება ბევრი რეგულაცია, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. იგივე სამ კაცზე, როდის დაიშვება ტრანსპორტში, რა თქმა უნდა, ესეც მოიხსნება, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოგვიყვანია, არ გახდეს არაკონტროლირებადი, არ გაგვექცეს ხელიდან და ამ ზაფხულს არ შევხვდეთ კორონას ახალი მატებით“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.