პაატა იმნაძე - საქართველოში ჩვეულებრივ რომ გავრცელებულიყო ინფექცია, როგორც შვედეთში, მიგვეშვა მისი გავრცელება, ფატალური შედეგი ასჯერ კი არა, ორასჯერ მეტი იქნებოდა
პაატა იმნაძე - საქართველოში ჩვეულებრივ რომ გავრცელებულიყო ინფექცია, როგორც შვედეთში, მიგვეშვა მისი გავრცელება, ფატალური შედეგი ასჯერ კი არა, ორასჯერ მეტი იქნებოდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და შემდეგ სახელმწიფოს რეგულაციები მიმართული იყო მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისკენ და არა ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად.

„აქ საკითხი იდგა ასე – ჩვენ ხომ საქართველოს ვერ ვაქცევდით ექსპერიმენტულ ველად, რომ შემდეგ დაგვეთვალა, რა მოხდებოდა ქვეყანაში. კი, ეს გააკეთა ზოგიერთმა ქვეყანამ, გათვალა ეს, სხვათაშორის, ბევრი ახსენებს შვედეთს, შემდეგ აღარ ამბობენ შვედეთის მონაცემების შედარებას თავის მეზობელ ქვეყნებთან, ასევე სკანდინავიურ ქვეყნებთან.

სხვათაშორის, არავინ ახსენებს ბელარუსს, როდესაც შვედეთს ახსენებენ ხოლმე, რადგან ბელარუსი კიდევ უფრო შორს წავიდა შვედეთთან შედარებით და დიდი თავყრილობები საერთოდ არ აუკრძალია. ახლა შვედეთის შედარება საქართველოსთან, 50 პროცენტზე მეტი შვედი მარტო ცხოვრობს, ცალკე ცხოვრობს ბინებში, მათ არ სჭირდებათ კარანტინი, ისედაც იცავენ სოციალურ დისტანციას, მათი ცხოვრების წესია.

ამას რატომ ვლაპარაკობ, მთავარი იყო, რომ ჩვენ უნდა შეგვეკავებინა ინფექციის გავრცელება და როდესაც მსოფლიოში არ არსებობდა არაფერი სპეციფიური, უნდა დავლოდებოდით, რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში, რომ მათ მაგალითზე ჩვენ მოვმზადებულიყავით და დავლოდებოდით, ამიტომ იყო ყველა შეზღუდვა ჩვენთან“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მკაცრი შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, ძალიან ცუდი შედეგები იყო მოსალოდნელი.

„როდესაც შემდეგ ლაპარაკია ჩვენთან, სულ ამდენი ადამიანი გარდაიცვალა და ამის გულისთვის ქვეყანა გააჩერეთ? კი, მაგრამ ეს ქვეყანა რომ არ ყოფილიყო ასეთი შეზღუდვების პირობებში, ხომ გამოქვეყნებულია, რა იყო მოსალოდნელი ქვეყანაში.

ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია, სხვათაშორის, ძალიან პესიმისტური პროგნოზები, დაავადების გავრცელების შემთხვევაში, ქვეყანაში რა მოხდებოდა, მაგრამ ეს ხომ ძალიან ავტორიტეტულმა ქართულმა ფონდმა გამოაქვეყნა, რა იყო მოსალოდენლი ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ რომ გავრცელებულიყო ეს ინფექცია, როგორც შვედეთში, რომ მიგვეშვა მისი გავრცელება, მოხდებოდა ის, რაც დღეს გვაქვს ფატალური შედეგი, იქნებოდა ასჯერ კი არა, ორასჯერ მეტი. ეს არის რეალობა, რომელიც გამოქვეყნებულია და ახლა ყველას დაავიწყდა ეს ციფრები. ყველაფერი ნელ-ნელა გაიხსნება, კომენდანტის საათიც მოიხსნება, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება სიფრთხილის ფონზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.