პაატა იმნაძე - საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა
პაატა იმნაძე - საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობას დაემატა ხუთი ახალი პაციენტი, მათი მდგომარეობა არ არის საგანგაშო, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ღრმა კვლევები მიმდინარეობს ორ პაციენტთან მიმართებაში.

„არის კიდევ ორი პაციენტი, რომლის ძალიან ღრმა კვლევა მიმდინარეობს ახლა, რადგან სამ პაციენტზე არავითარი ეპიდემიოლოგიური სურათის შეცვლას არ ველოდებით. ორი კარანტინის ზონიდან არის, ერთი არის დადგენილი კლასტერის კონტაქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეშფოთების საფუძველი. ორ შემთხვევაში ძალიან ღრმა კვლევა ტარდება“, – განაცხდა იმნაძემ.

ამასთან, რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებთაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს.

„ჯამურად ინფიცირებულებზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ძირითადად, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ყველა ტრაგიკული და მძიმე შემთხვევა, რაც ხდება საზღვარგარეთ, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაყენებს საქმის კურსში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.