პაატა იმნაძე - საქართველოს მასშტაბით, დღეში 10 000 ახალი შემთხვევა არის ის, რაც რეალურად ხდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე ორჯერ და სამჯერ მეტია.
იმნაძის თქმით, არსებული გათვლებით, რეალურად, საქართველოს მასშტაბით დღეში ვირუსის 10 000-მდე ახალი შემთხვევაა, თუმცა ინფიცირებულთა დიდი ნაწილი უსიმპტომოა ან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ტესტს არ იკეთებენ.
„ორჯერ, სამჯერ მეტია (დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე). ჩვენი გათვლებით, ახლა 10 000-მდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი. საქართველოს მასშტაბით, დღეში 10 000 ახალი შემთხვევა ეს არის ის, რაც რეალურად ხდება. უბრალოდ, ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან, რომ გაიტესტონ ან ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ და ა.შ.“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.