პაატა იმნაძე - საქართველო ბევრი ქვეყნისთვის იქცა უსაფრთხო იმიჯის მქონე ქვეყნად და ეს უნდა გამოვიყენოთ, ამისთვის მიდის მოსამზადებელი სამუშაოები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ტურიზმის ამოქმედებასთან ერთად ყველაფერი უნდა იყოს კონტროლირებადი და მაქსიმალურად დაცული. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, დღეს ევროპის რამდენიმე ქვეყანას კურორტების გახსნის გეგმა უკვე გააჩნია.
პაატა იმნაძის თქმით, საქართველო ბევრი ქვეყნისთვის იქცა უსაფრთხო იმიჯის მქონე ქვეყნად და ამის გამოყენება უნდა მოხდეს.
„ტურიზმის გახსნის საფრთხეები, რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ამიტომაც არის, რომ ყველაფერი, რაც კეთდებოდა, იყო საფრთხეების შესამცირებლად. დღეს მთელს მსოფლიოში კონკურენციაა, ვინ დაასწრებს გახსნას, ევროპაში უკვე სლოვენიამ გამოაცხადა, საბერძნეთს აქვს გეგმა თვისი კურორტების გახსნის. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მით უმეტეს, რომ საქართველო ბევრი ქვეყნისთვის იქცა უსაფრთხო იმიჯის ქვეყნად და, რა თქმა უნდა, ამას უნდა გამოყენება. ეს ყველაფერი უნდა იყოს კონტროლირებადი. ამისთვის მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაც მუშაობს ამაზე. ეს ყველაფერი იქნება ძალიან კონტროლირებადი, მაქსიმალურად დაცული. ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შემომსვლელი ნებისმიერი ტურისტის უსაფრთხოება იყოს, პირველ რიგში, გათვალისწინებული, რომ მან არ შემოიყოლოს ქვეყანაში კორონაინფექცია. ეს ყველაფერი იქნება გაწერილი სახით, თუ რა რეკომენდაციები იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს აუცილებლად იქნება, პირველ რიგში, უსაფრთხოების გათვალისწინებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.