პაატა იმნაძე - სამწუხაროდ, ნელ-ნელა გვავიწყდება, რომ „კოვიდი“ არსად წასულა
პაატა იმნაძე - სამწუხაროდ, ნელ-ნელა გვავიწყდება, რომ „კოვიდი“ არსად წასულა

სამწუხაროდ, ნელ-ნელა გვავიწყდება, რომ „კოვიდი“ არსად წასულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, პირადი დაკვირვების საშუალება ნაკლებად მაქვს, მაგრამ რასაც ვხედავ, რომ გადავხედავ ხოლმე სოციალურ ქსელებს, როცა ჩვენი სამსახური ამას აანალიზებს, სამწუხაროდ, ნელ-ნელა გვავიწყდება, რომ „კოვიდი“ არსად წასულა.

რა სიტუაციაც გვაქვს, ამას უნდა შენარჩუნება. ამის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ „კორონა“ არსად წასულა. „კორონა“ ჩვენს გვერდით არის. შეზღუდვები პრაქტიკულად მოიხსნა, ყველა ბიზნესი გაიხსნა, დარჩენილი არიან საქორწილო ბიზნესში ჩართული ადამიანები, დარჩენილია სარიტუალო სუფრებთან დაკავშირებული ბიზნესები და დარჩენილია საბავშო გასართობი ცენტრები. მესმის, ეს ადამიანები ამ ბიზნესში არიან ჩართული და ეს მათი ბიზნესია, მაგრამ ესეც ალბათ ნელ-ნელა გაიხსნება. თუმცა, ვერავის ვეტყვი, რომ 100-კაციანი ქორწილები იქნება. მოვა ამის დროს, ძეობები როცა იქნება, მაშინ გადავიხადოთ დიდი სუფრები. პატარა სუფრებზე შეიძლება ლაპარაკი რაღაც პერიოდის შემდეგ.

ნუ გვავიწყდება, რომ „კორონა“ აქ არის, და „კორონა“ არსად წასულა. უნდა დავიცვათ ელემენტარულ რაღაცები, რაც დასაცავია – ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანცია, პირადი ჰიგიენა. თავი ავარიდოთ ბევრი ადამიანის შეკრებას. სანამ ვაქცინა ან ეფექტიანი წამალი იქნება, რომელიც უშუალოდ ვირუსს მოკლავს, მანამდე ასე უნდა ვიყოთ, არაფერი სხვა არ დაგვრჩენია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.