პაატა იმნაძე - როგორც ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად იყოს მეორე ტალღღისთვის, ასევე ყველა უნდა ფიქრობდეს, რა ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა შემოდგომაზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთარში კორონავირუსის მეორე ტალღა თუ ძლიერი იქნება, ჯანდაცვის სისტემა შესაბამისად იყოს მომზადებული.
მისივე თქმით, ასევე, ყველა უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ რა მოხდება შემოდგომაზე და როგორ სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა.
ამ განცხადებით იმნაძემ უპასუხა კითხვას, თუ იყო მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.
„ზამთარი რომ მოდის, ჩვეულებრივ მაშინ მოდის ხოლმე რესპირატორული დაავადებები, ისევე როგორც ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ თუ ზამთარში მეორე ტალღა მძლავრად შემოგვიტევს, ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, ასევე თავის ქვეყანაში ყველა უნდა ფიქრობდეს, რა მოხდება შემოდგომაზე და წინასწარ, ახლა უნდა იყვნენ მზად იმისთვის, როგორ სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება, მოხვდეს ქვეყანა“,- განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძის განმარტებით, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს დაიცავენ, მაშინ დიდი პრობლემები არ შეიქმნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვითარება დაიძაბება გაცილებით ადრე, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობს.
„თუ კარგად მოვიქცევით, ასე იქნება და არ შეიქმნება დიდი პრობლემები, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას რომ ვუყურებ, შეიძლება, სიტუაცია დაიძაბოს გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ამას ველოდებოდით“,- განაცხადა პაატა იმნაძემ და დასძინა, რომ საქართველოს რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა და მატარებლით მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა.
„რადგან იქ გაცილებით უფრო მარტივია მგზავრების კონტროლი, სახელობითი სიებით არის ბილეთები. ასე რომ, რკინიგზა ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო“,- დასძინა პაატა იმნაძემ.