პაატა იმნაძე - რამდენიმე პრეპარატი კლინიკურ გამოცდაშია, ძალიან კარგი პრეპარატი აქვს ამერიკულ კომპანია „გილიადს“, რომელმაც „ცე“ ჰეპატიტის უფასო წამლებით მოგვამარაგა
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ანტივირუსული მედიკამენტის შექმნის ფარგლებში, რამდენიმე პრეპარატი კლინიკურ კვლევას გადის, რომ მათი ეფექტიანობა დადასტურდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ დღეში“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე – არსებობს მოსაზრება, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ანტივირუსულ პრეპარატს მიიღებს, პაატა იმნაძემ „ცე“ ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების მომწოდებელი კომპანია „გილიადისა“ და საქართველოს თანამშრომლობა გაიხსენა.
„რამდენიმე პრეპარატი არის ისეთ კლინიკურ გამოცდებში, კლინიკური კვლევა ეწოდება ამას, რომ დადასტურდეს მათი ეფექტიანობა. ეს არის ბევრი პრეპარატი, მათ შორის ანტიმალარიული გარკვეული პრეპარატები, შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები გამოიყენება. იყო ასევე ერთი პრეპარატი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი ამერიკული კომპანია არის „გილიადი“, რომელმაც „ცე“ ჰეპატიტის მთელი პროგრამა მომგვამარაგა უფასო წამლებით, „გილიადს“ აქვს ძალიან კარგი პრეპარატი, ვითვალისწინებთ რა ამ კომპანიისა და საქართველოს ძალიან მეგობრულ ურთიერთობებს და იმედი გვაქვს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.