პაატა იმნაძე - რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ნიღაბი ძალიან ფორმალური გახდა და პირ-ცხვირბადეც დავარქვი
რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ნიღაბი ძალიან ფორმალური გახდა და პირ-ცხვირბადეც დავარქვი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა.
„ძალიან ხშირ შემთხვევაში, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ნიღბების ტარება ძალიან ფორმალური გახდა. ერთხელ ვთქვი, რომ სახელიც უნდა შევიცვალოთ და პირ-ცხვირბადე დავარქვათ-თქო, რადგან პირბადე რატომღაც პირზე უკეთიათ.
ბოლო მაგალითი იცით, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, აბიტურიენტებისთვის კომფორტული გარემო შექმნილიყო. ამიტომ, წერის დროს დავთანხმდით, რომ ნიღაბი არ ჰქონოდათ და მივიღეთ რა, ერთი აბიტურიენტის გამო, რომელიც ინფიცირებული აღმოჩნდა, ცხრა აბიტურიენტი არის კარანტინში.
არის კვლევები, თუ ინფიცირებულს უკეთია ნიღაბი, ეს 70 პროცენტამდე ამცირებს გადაცემის შანსს. თუ ჯანმრთელს უკეთია და ინფიცირებულს არ უკეთია, ეს გაცილებით ნაკლებად ამცირებს გადაცემის შანსს. მაგრამ თუ ორივეს უკეთია, პრაქტიკულად გადაცემის შანსი ნულამდე დადის. ეს არის კვლევების საფუძველზე დადგენილი და ჩვენ მარტო იმას ვამბობთ, იმას ვუწევთ რეკომენდაციას, რაც დადგენილია კვლევების საფუძველზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.