პაატა იმნაძე - ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით ვისგან 
პაატა იმნაძე - ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით ვისგან 

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან დაინფიცირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„ქვეყანაში დადასტურებული ყველა შემთხვევის კონტაქტებს დღეს ჯერ კიდევ მაქსიმალურად მივდევთ. ჩვენ ვიცით ყველა კონტაქტი, რომელიც იყო ინფიცირებულ და ჰოსპიტალიზებულ ადამიანებთან. მათთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან დაინფიცირდა. არ გვინდა, მდგომარეობა იქამდე მივიყვანოთ, როცა არ გვეცოდინება წყარო, საიდანაც ადამიანი დაინფიცირდა და მთავრობას ამიტომ ვურჩიეთ. რომ ყველაფერი გავაკეთოთ და საქმე აქამდე არ მივიყვანოთ“, – განაცხადა იმნაძემ.

ამ განცხადებით პაატა იმნაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა საჭირო დღეს ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ დღეს არის დრო, როცა ერთმანეთისადმი და ქვეყნისადმი სოლიდარული უნდა ვიყოთ და მაქსიმალური თვითშეგნება გამოვიჩინოთ, რათა ქვეყანაში ინფექციის უკონტროლო, ზვავისებური გავრცელება არ მოხდეს, რისი სამწუხარო მაგალითებიც ევროპის ქვეყნებში გვაქვს.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა მაქსიმალურად დაიცვან სახლში ყოფნის რეჟიმი, მაქსიმალურად იქნას შეზღუდული ქვეყანაში მიმოსვლა და თავყრილობები, რათა კონტაქტების დროული მიდევნება შევძლოთ და ვიცოდეთ ყველა ადამიანი, ვინც ინფიცირებულთან კონტაქტში იყო. ამაში მოსახლეობამ უნდა შეგვიწყოს ხელი და ერთად, ჩვენ ვირუსს დავამარცხებთ“, – განაცხადა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა რისკებისგან და საფრთხეებისგან დაგვიცავს იმ რეკომენდაციის შესრულება, რომელიც სახლში დარჩენას უკავშირდება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი ხანდაზმულ თაობას სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნის და ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ.

„მე სახლში ნამდვილად ვერ დავრჩები, რადგან ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ყველა სხვამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს დაავადება ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის ისეთი პრობლემატური არ არის, მაგრამ ის ჩვენს ხანდაზმულ თაობას სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ ყველას გვყავს ბაბუები და ბებიები. მეც მათ თაობას მივეკუთვნები. ამიტომ, ყველამ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რომ დაავადების გავრცელება კონტროლირებადი იყოს და სამედიცინო სისტემას ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა შეეძლოს“, – განაცხადა იმნაძემ.