პაატა იმნაძე - პირველი ივლისიდან გარე ტურიზმი იხსნება, მაგრამ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი, ვფიქრობ, კორონას აქამდე ცუდად არ დავხვდით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში არ შეწყვეტილა ქვეყნებთან ტრაილერების მიმოსვლა ისევე, როგორც საჰაერო მიმოსვლა.
მისივე თქმით, მთავარია ყველაფერი კონტროლ ქვეშ იყოს.
„საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც არ შეწყვეტილა ტრაილერების მიმოსვლა არც ერთი წუთით მთელი ამ პერიოდიის განმავლობაში, ისევე როგორც დღესაც გრძელდება სატრაილერო მიმოსვლა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთანაც, ძალიან ინტენსიური. ყველაფერი უნდა იყოს უბრალოდ კონტროლის ქვეშ“,- განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, იმნაძის განმარტებით, 15 ივნისიდან საქართველოში მხოლოდ შიდა ტურიზმი იხსნება, ხოლო უცხოეთიდან ტურისტებს ქვეყანა პირველი ივლისიდან მიიღებს.
„ტურისტების შემოსვლაზე არ არის ჯერ ლაპარაკი, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იქნება, პირველი ივლისიდან გარე ტურიზმი გაიხსნება, მაგრამ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი, ანუ ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს, სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, საიდანაც მოდის.
მე მგონი, აქამდე არ დავხვდით კორონას ცუდად. ყველაფერზე მიმდინარეობს მუშაობა. პირველ ივლისამდე ჯერ კიდევ შორია, პირველ ივლისამდე ჯერ კიდევ შეიძლება, რაღაცები შეიცვალოს, დალაგდეს, გადალაგდეს, ამიტომ ყვეალფერს თავის დროზე მოგახსენებთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.