პაატა იმნაძე ოჯახურ პირობებში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, ერთმანეთისგან იზოლაციის წესებიც დაიცვან
კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ერთი ოჯახური კლასტერია, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ამასთან, პაატა იმნაძე ოჯახურ პირობებში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, ერთმანეთისგან იზოლაციის წესებიც დაიცვან.
„სამი შემთხვევა, რომელიც არის ერთი ოჯახური კლასტერი ისევ, მოთავსებულია ბოჭორიშვილის კლინიკაში. მათ ჯანმრთელობას იკვლევენ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, მაგრამ აქვე მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც, რადგან, როგორც უკვე გვაჩვენა პრაქტიკამ, ძალიან ბევრი, ვინც იმყოფებოდა ოჯახურ თვითიზოლაციაში, ოჯახის წევრებიც ხდებიან ავად. ოჯახი კი არის იზოლაციაში, მაგრამ ერთმანეთთან არ არიან ხოლმე იზოლაციაში, ამიტომ ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახში, დაიცავით ერთმანეთისგან იზოლაციის წესები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული წესები განთავსებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე და განმარტებულია, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ასეთ შემთხვევაში.
ამათან, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.