პაატა იმნაძე - მივაღწიეთ, რომ დღეს საქართველოში ვირუსის ცირკულაცია არ არის დიდი, მაგრამ კვირა არ გავა, ერთი შემთხვევა მაინც არ გაჩნდეს, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში ყველა სამსახურის კარგი მუშაობისა და ხალხის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგია.
ამიტომ, იმნაძე ამბობს, რომ მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად, კვლავ აუცილებელია წესების დაცვა და სიფრთხილით ცხოვრება.
„ყველას გვიხარია, რომ ჩვენთან ცოტა შემთხვევსა, გადავხედოთ გარეშემო რა ხდება, რა ხდება მსოფლიოში. რატომ ვართ ასე? პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კარგად იმუშავა ქვეყანაში ყველა სამსახურმა, ვისაც ეს ეხებოდა და ხალხმა მხარი აგვიბა.
ხალხს რომ მხარი არ აება, არაფერი გამოვიდოდა, რაც უნდა კარგად ემუშავათ ადამიანებს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დაგვავიწდა, აგერ ვუყურებთ ხომ რა ხდება სამეზობლოში, ცოტა იქით, ცოტა აქეთ, ყველგან, პრაქტიკულად ერთი ორი ქვეყანა არის მსოფლიოში გამონაკლისი. მეტი რა ვთქვა არ ვიცი, მაქსიმალურად შევეცადოთ რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრების წესი ცოტა ხანი მოვარგოთ, მათ შორის პანაშვიდი, ჭირი იქნება, ყველაფერს“, – განაცხადა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“.
პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში ვირუსის ცირკულაცია ინტენსიური არ არის, თუმცა კვირაში ერთხელ მაინც ფიქსირდება შემთხვევა, როცა ინფიცირების წყარო უცნობია.
„საბედნიეროდ, დღეს ქვეყნაში ვირუსის ცირკულაცია არ არის დიდი, ეს მივაღწიეთ, ამგრამ ცირკულაცია მაინც არის. თითქმის კვირა არ გავა, ერთი შემთხვევა მაინც არ ამოხტეს სადღაც, სადაც არ ვიცით ინფიცირების წყარო. სატვირღოების მძღოლები როცაა და ჩვენი მოქალაქეები რომ ჩამოდიან და შემდეგ კარანტინში ვაფიქსირებთ ვირუსს, ეს არ არის საშიში, იმპორტირებულია, მაგრამ კვირა არ გავა ისე, რომ სადღაც უცებ არ გაჩნდეს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით.
ამ ვირუსს აქვს ცუდი თვისება, რომ შეიძლება მიმდინარეობდეს ისე, რომ კლინიკური გამოვლინება პრაქტიკულად არ იყოს. თავი წამოგტკივდეს ან პატარა სიცხე მოგცეს ერთი დღე. სამაგიეროდ, ვისაც გადაედება, ის შეიძლება მოკლა. ესაა მთელი ფილოსოფია ამ ვირუსის. თუ ბევრს დაემართება, შესაბამისად, ბევრი დაიღუპება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.