პაატა იმნაძე - მიუხედავად ტესტირების ორჯერ გაფართოებისა, ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, ვირუსი შეკავებულია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ შეინიშნება.
როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა, ინფიცირების მაჩვენებელი არ იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი შეკავებულია.
ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას სისტემამ გაუძლო.
„შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ვნახეთ, რომ ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. სწორედ ამის გამო, რომ პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს. ეს არის მთავარი შედეგი“, – განაცხადა იმნაძემ.