პაატა იმნაძე - მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეზღუდვები ადამიანებისთვის არ იყოს შემაწუხებელი
გავიხედოთ, რა ხდება გვერდით სახელმწიფოებში, ვნახოთ, რა ხდება სხვაგან, მსოფლიოში და ნუ დავმშვიდდებით, რომ ჩვენ ქვეყანაში არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები, კორონავირუსი არსად გამქრალა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
იმნაძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეზღუდვები ადამიანებისთვის არ იყოს შემაწუხებელი, მაგრამ ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვამბობ, გავიხედოთ რა ხდება ჩვენ გვერდით სახელმწიფოებში, ვნახოთ, რა ხდება სხვაგან, მსოფლიოში და ნუ დავმშვიდდებით იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ანუ ეს ერთეული შემთხვევები ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად არ გამქრალა და შესაბამისად, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები. ეს არის, პირველ რიგში, ნიღბის ტარება. ამაზე ბევრი კვლევა გამოქვეყნდა, ინტერნეტში შეიძლება ყველამ მოვიძიოთ, რომ თუ უკეთია ავადმყოფს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ეს ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ უკეთია ორივეს, ავადმყოფსაც და ჯანმრთელს, პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს გადადების რიცხვი. ამიტომ არის მოთხოვნა ყველგან, ყველა ქვეყანაში, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია, ეს ეხება დახურულ სივრცეებს, საზოგადოებრივ სივრცეებს, რა თქმა უნდა, სახლში არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.