პაატა იმნაძე - „კოვიდ-19“-თან ერთად ახლაც დადის ჩვეულებრივი კორონავირუსები, რომლებიც ისეთ მსუბუქ გაციებას იწვევენ, რომ ამას შეიძლება, ყურადღებაც არ მივაქციოთ
ჯერჯერობით, არავითარი საფუძველი არ ჩანს, ვივარაუდოთ, რომ ახალმა შტამმა ადამიანებში შეიძლება, უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„საზოგადოებისთვის ავხსნი – ბევრს უნახავს, ამ ვირუსს გვირგვინი რომ აქვს გამოშვერილი. აი, ამ გვირგვინზე არის ე.წ სპაიკ-ცილა, რომლის ერთ-ერთ გენში მოხდა ცვლილება და მან ოდნავ შეიცვალა თვისება. სხვათა შორის, ეს პირველად არ მომხდარა. პირველად, ერთ-ერთი ასეთი მუტაცია გაზაფხულზე იყო, ისევ ამ სპაიკ-ცილაში, რომელმაც გამოიწვია ის, რომ უხანიდან წამოსული შტამი უფრო გადამდები გახდა. მას ევროპული შტამი ჰქვია. ინგლისელი მეცნიერების აზრით, ეს კიდევ უფრო გადამდები გახდა. ამბობენ, რომ 70 %-ით მეტად გადამდებია. ამას ეპიდემიოლოგიაში ინფექციურობა ჰქვია და არსებობს მეორე, ვირულენტურობა, ანუ, რამდენად აგრესიულია ვირუსი და რამდენად მძიმე დაავადებას იწვევს ის ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერჯერობით, არავითარი საფუძველი არ ჩანს, ვივარაუდოთ, რომ ახალმა შტამმა ადამიანებში შეიძლება, უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს“, – განაცხადა იმნაძემ.
აღნიშნული, პაატა იმნაძემ დიდ ბრიტანეთში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ასევე საბედნიეროდ, ჯერ არ ჩანს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ უკვე არსებულმა ვაქცინამ ამ ახალი ვირუსის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედოს.
„იმიტომ, რომ ეს ვაქცინები იმ სპაიკ-ცილაზეა მორგებული“, – განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ერთხელ გამოჩნდა B ტიპის გრიპის ვირუსი.
„ერთხელ გამოჩნდა B ტიპის გრიპის ვირუსი, მაგრამ უკვე ორი კვირაა, არ დაგვიჭერია. სამი კვირის წინ იყო“, – განაცხადა იმნაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, „კოვიდ-19“ უახლოეს მომავალში უფრო და უფრო დასუსტდეს, რადგან არის მოსაზრება, რომ როცა ვირუსი მუტაციებს იწვევს, სასიცოცხლო ციკლის დაღმავლობისკენ მიემართება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, დროთა განმავლობაში ეს ვირუსი ისე შეიცვალოს, რომ ჩვეულებრივი კორონავირუსი გახდეს, ან პირიქით, უფრო აგრესიული.
„ამ „კოვიდ-19“-თან ერთად ახლაც დადის ჩვეულებრივი კორონავირუსები, რომლებიც ისეთ მსუბუქ გაციებას იწვევენ, რომ ამას შეიძლება, ყურადღებაც არ მივაქციოთ. შეიძლება, ეს ვირუსი პირიქით, უფრო აგრესიული გახდეს, თუმცა ჩვეულებრივ, ვირუსს არ აწყობს, უფრო აგრესიული გახდეს. მას სჭირდება, ცოცხალი იყოს, რადგან ჩვენს ცოცხალ უჯრედში ცხოვრობს. ფილოსოფიურად თუ შევხედავთ, მას ჩვენი მოკვლა არ აწყობს“, – განაცხადა იმნაძემ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალი წელი დედამიწაზე „კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება“.