პაატა იმნაძე - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ერთი ქალბატონი
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ერთი ქალბატონი.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, კიდევ რამდენიმე პაციენტი ემზადება გაწერისთვის.
„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ ერთი ქალბატონი, რომელიც იყო მარნეულის შემთხვევა. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კიდევ რამდენიმე პაციენტი ემზადება გაწერისთვის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში რაც იყო დღეს ახალი დამატებული შემთხვევები, არ არის ახალი კლასტერები. ოთხი ადამიანია მარნეულელი ქალბატონის ოჯახის წევრები. მათთან ჰქონდა ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტი. გამოვიკვლიეთ ასევე მარნეულში სხვა პაციენტები, რომლებიც იმ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, სადაც ეს ქალბატონი იწვა მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალში“. ასევე „ჯეო ჰოსპიტალის“ პერსონალი. ტესტირების შედეგად, მათ ამ ეტაპზე ყველას უარყოფითი პასუხი აქვს. ტესტირება კიდევ ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ჯერ ყველა უარყოფითია. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, თუ სად დაემატა ისინი, ახალი ქვეყანა ფიქსირდება უკვე – თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. ასევე დაემატა აშშ-იდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები – ერთი შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა. ასე რომ, გეოგრაფიულად საკმაოდ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევები და ჯერ ყველა მაქსიმალურად კონტროლდება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.