პაატა იმნაძე - კორონავირუსის ოთხი შემთხვევის წყარო თუ ვერ დადგინდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უსიმპტომო ინფიცირების წყაროებიც გვექნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ძალიან ცუდი იქნება, თუ კორონავირუსის ოთხი შემთხვევის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ არის და მოსალოდნელიცაა, რომ ინფიცირების წყაროები იქნება, მათ შორის – უსიმპტომო ინფიცირების წყაროებიც“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას წესები, რათა შეზღუდვების მოხსნა არ შეფერხდეს.
„საჭიროა, ყველამ დავიცვათ ის წესები, რომლებიც ახლა მოქმედებს და მაშინ ასეთი რისკი აღარ იქნება. თუ ჩვენ ყველა წესს დავიცავთ, რაც დღეს მოქმედებს, არავითარი ზედმეტი შეზღუდვა აღარ დაგვჭირდება“, – განაცხადა იმნაძემ.