პაატა იმნაძე - კომენდანტის საათის დროის შემცირების, ასევე საერთოდ მოხსნის საკითხი აქტიურად განიხილება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კომენდანტის საათის დროის შემცირების და საერთოდ მოხსნის საკითხი აქტიურად განიხილება და შესაბამისი გააწყვეტილება იქნება მიღებული.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და შემდეგ სახელმწიფოს რეგულაციები მიმართული იყო მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისკენ და არა ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად.
„რა თქმა უნდა, განიხილება, როგორც კომენდანტის საათის დროის შემცირების საკითხი, ასევე საერთოდ მისი მოხსნის საკითხი აქტიურად განიხილება და ალბათ ამაზეც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მინდა, ერთი რამ დავამატო, რომ საერთოდ, ჩვენი რეკომენდაცია და შესაბამისად, შემდეგ სახელმწიფოს რეგულაციები, სამწუხაროდ, ეს არ იყო ჩვენი ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად. ლაპარაკი იყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაზე.
აქ საკითხი იდგა ასე – ჩვენ ხომ საქართველოს ვერ ვაქცევდით ექსპერიმენტულ ველად, რომ შემდეგ დაგვეთვალა, რა მოხდებოდა ქვეყანაში. კი, ეს გააკეთა ზოგიერთმა ქვეყანამ, გათვალა ეს, სხვათაშორის, ბევრი ახსენებს შვედეთს, შემდეგ აღარ ამბობენ შვედეთის მონაცემების შედარებას თავის მეზობელ ქვეყნებთან, ასევე სკანდინავიურ ქვეყნებთან.
სხვათაშორის, არავინ არ ახსენებს ბელარუსს, როდესაც შვედეთს ახსენებენ ხოლმე, რადგან ბელარუსი კიდევ უფრო შორს წავიდა შვედეთთან შედარებით და დიდი თავყრილობები საერთოდ არ აუკრძალია.
ახლა შვედეთის შედარება საქართველოსთან, 50 პროცენტზე ზე მეტი შვედი მარტო ცხოვრობს, ცალკე ცხოვრობს ბინებში, მათ არ სჭირდებათ კარანტინი, ისედაც იცავენ სოციალურ დისტანციას, მათი ცხოვრების წესია.
ამას რატომ ვლაპარაკობ, მთავარი იყო, რომ ჩვენ უნდა შეგვეკავებინა ინფექციის გავრცელება და როდესაც მსოფლიოში არ არსებობდა არაფერი სპეციფიური, უნდა დავლოდებოდით, რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში, რომ მათ მაგალითზე ჩვენ მოვმზადებულიყავით და დავლოდებოდით, ამიტომ იყო ყველა შეზღუდვა ჩვენთან“, – განაცხადა იმნაძემ.
იმნაძის განმარტებით, ზომების მოხსნა სიფრთხილით მოხდება.
„ყველაფერი ნელ-ნელა გაიხსნება, კომენდანტის საათიც მოიხსნება, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება სიფრთხილის ფონზე“, – დასძინა იმნაძემ.