პაატა იმნაძე - ხიბლში ნუ ჩავვარდებით, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს, ყველა ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, წიწილებს კი შემოდგომაზე ითვლიან
ხიბლში ნუ ჩავვარდებით, ჯერ ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ყველა ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, წიწილებს კი შემოდგომაზე ითვლიან , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
ამ კომენტარით მან უპასუხა მედიის კითხვას, რომლის თანახმადაც, „ბოლო დღეების განავლობაში წამყვანმა საერთაშორისო მედიის სხვადასხვა წარმომადგენელმა გამოაქვეყნა არაერთი სტატია საქართველოს წარმატების მაგალითზე. თუ ხდება თქვენს საერთაშორისო კოლეგებთან ამ მიმართულებით კომუნიკაცია, რომ გაუზიაროთ თქვენი წარმატებული გამოცდილება კოლეგებს საზღვარგარეთ. თუ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს კომუნიკაცია“.
„ძირითადად კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჩვენ გვაქვს ქსელი შექმნილი, რომელსაც ჰქვია აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი. ამ ქსელის მეშვეობით ჩვენ გვაქვს კავშირები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ, მოდით, ასე ვთქვათ, ხიბლში ნუ ჩავვარდებით, ჯერ ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და წიწილებს კიდევ შემოდგომაზე ითვლიან“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.