პაატა იმნაძე - ჯერ არ ჩანს საფუძველი ვარაუდისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, არ ჩანს არც სამეცნიერო მტკიცებულება, რომ არსებულმა ვაქცინამ მის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის შემთხვევებიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, ინგლისელი მეცნიერების აზრით, 70 პროცენტით მეტად გადამდებია.
თუმცა, იმნაძის თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს არავითარი საფუძველი ვარაუდისა, რომ აღნიშნული ვირუსი უფრო აგრესიული იყოს და დაავადების მეტად მძიმე ფორმით მიმდინარეობა გამოიწვიოს.
გარდა ამისა, პაატა იმნაძის განმარტებით, საბედნიეროდ, არ ჩანს არც არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ უკვე არსებულმა ვაქცინამ აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედოს.
„ამას ჰქვია მუტაცია, ავხსნი, გვირგვინი რომ აქვს გამოშვერილი ვირუსს, უკვე ბევრს უნახავს ამ ვირუსის ფოტო, ამ გვირგვინზე არის ე.წ. სპაიკ ცილა. ამ სპაიკ ცილის ერთ-ერთ გენში მოხდა ცვლილება. მან შეიცვალა ოდნავ თვისება, ეს პირველად არ მომხდარა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე იყო ერთ-ერთი ასეთი მუტაცია ისევ ამ სპაიკ ცილაში, რომელმაც გამოწივია ის, რომ უხანიდან წამოსული შტამი უფრო გადამდები გახდა, ევროპული შტამი ჰქვია მას.
ინგლისელი მეცნიერების აზრით, ეს კიდევ უფრო გადამდები გახდა. ეს რას ნიშნავს? თუ ჩვეულებრივ ამ ვირუსზე ითვლება, რომ ერთ ადამიანს შეუძლია, ავად გახადოს ორი-სამი ადამიანი, ამბობენ, რომ ეს არის 70 პროცენტით მეტად გადამდები, ანუ, საშუალოდ სამს გადააჭარბა იმ ადამიანთა რიცხვმა, ერთი რომ შეძლებს, ავად გახადოს.
ამას ეპიდემიოლოგიაში ინფექციურობა ჰქვია, მაგრამ არსებობს კიდევ მეორე, რასაც ვირულენტურობა ჰქვია, ანუ რამდენად აგრესულია, რამდენად იწვევს დაავადებას ადამიანის ორგანიზმში. საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ ჩანს არავითარი საფუძველი იმისა, ვივარაუდოთ, რომ ამ ვირუსმა ადამიანებში უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს. ასევე, საბედნიეროდ, ჯერ არ ჩანს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ უკვე არსებულმა ვაქცინამ ვთქვათ არ იმოქმედოს ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს ვაქცინებიც იმ ე.წ. სპაიკ ცილაზე არის მორგებული“, – განაცხადა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.