პაატა იმნაძე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია სტიგმითა და დისკრიმინაციით, რომლის ნიშნები საქართველოშიც გაჩნდა
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმითა და დისკრიმინაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა ქვეყანაში ამ დაავადების ნიშნების გაჩენას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.
იმნაძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენელმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია მიუღებელია.
იმნაძის განმარტებით, სამწუხაროდ, დისკრიმინაციის ნიშნები საქართველოშიც გაჩნდა.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენელმა პედროსმა გუშინ თავის გადაცემაში დედამიწის მოსახლეობისადმი მიმართვის დროს, სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია არ არის მისაღები, რომლის ნიშნებიც, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოშიც გაჩნდა. ძალიან გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმითა და დისკრიმინაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების ნიშნების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში“, – განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, იმნაძის თქმით, ვითარება საყურადღებოა, თუმცა საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„უნდა ვიყოთ ფხიზლად. საპანიკო და თავზენაცარდასაყრელი არაფერი გვჭირს. ოფიციალური მონაცემებით, რომელიც გამოქვეყნდა, კორონავირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთელდა. ანუ, დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“, – განაცხადა იმნაძემ.