პაატა იმნაძე - ინფიცირებულთა მატება მოსალოდნელი იყო, მაგრამ მთავარია, არ იყოს მკვეთრი, რომ ამან ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა არ გამოიწვიოს
პაატა იმნაძე - ინფიცირებულთა მატება მოსალოდნელი იყო, მაგრამ მთავარია, არ იყოს მკვეთრი, რომ ამან ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა არ გამოიწვიოს

ძალიან გვაშფოთებს ის, რომ დღევანდლამდე იყო ხუთი შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცოდით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლირებადია. ძალიან გვაშფოთებს ის, რომ დღევანდლამდე იყო ხუთი შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცოდით. ეს ყოველთვის არის ძალიან დამაფიქრებელი, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ავად გახდა ვიღაცისგან, ვინც არ ვიცით, რომ ავადაა, სად არის და კიდევ ვის გადასდებს. ანუ, მის ახლოს წრეში ვერ მოვნახეთ ინფიცირების წყარო“, – განაცხადა იმნაძემ. 

მისი თქმით, ნათელი იყო ის, რომ შემთხვევების მატება იქნებოდა.

„როცა ყველაფერი გაიხსნება და მობილობა გაიზრდება, აღდგება ტრანსპორტი, როგორც საქალაქთაშორისო, ისე მუნიციპალური, გაიხსნება რესტორნები და ბევრი სხვა დაწესებულება, გასაგებია, რომ მატება იქნებოდა. ანუ, მატება მოსალოდნელი იყო, მაგრამ მთავარია, ეს მატება ინტენსიური და მკვეთრი არ იყოს, რომ ამან ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა არ გამოიწვიოს“, – განაცხადა იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ინფექციის გადაცემა მაქსიმალურად შემცირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.