პაატა იმნაძე - გარკვეული ციფრული მონაცემები გვაქვს შემუშავებული, ჯერჯერობით ეპიდვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია
უმრავლესობა პაციენტებისა, რომლებიც გუშინ დაგვემატა, დღესაც დაგვემატება, ძირითადად, ყველა მოძიებული კონტაქტია. ეს კონტაქტები არის ქორწილებში ნამყოფი ხალხი, მიკროავტობუსში ერთად ნამგზავრი ადამიანები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა.
მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში ეპიდვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
„რა თქმა უნდა, არ გვინდა, კორონავირუსის შემთხვევები ბევრი იყოს, მაგრამ როდესაც ყველაფერი გახსნილია და ქვეყანაში ასეთი მობილობაა, გასაგებია, რომ შემთხვევები გვექნებოდა. გარკვეული ციფრული მონაცემები გვაქვს შემუშავებული, მათ შორის, თუ ორი კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის ათი შემთხვევაა, ეს ძალიან კარგია. ხოლო, თუკი 100 000 მოსახლეზე ორკვირიანმა მაჩვენებელმა 30-ს გადააჭარბა, ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, უკვე წითელ ზონაში შევალთ. ჯერჯერობით ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია. ჩვენ, ეპიდსამსახური მაქსიმალურად სწრაფად ვნახულობთ ყველა კონტაქტს, უმრავლესობა პაციენტებისა, რომლებიც გუშინ დაგვემატა, რომლებიც დღესაც დაგვემატება, ძირითადად, ყველა მოძიებული კონტაქტია. ეს კონტაქტები არის ქორწილებში ნამყოფი ხალხი, მიკროავტობუსში ერთად ნამგზავრი ადამიანები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.