პაატა იმნაძე - გაიგეთ, ხალხო, სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი
გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ, ეს თუ არ გავითავისეთ, ცოტა ხანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში მოსახლეობის მხრიდან შეზღუდვებისა და წესების დაცვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდი შედეგი დადგება.
„ხალხო, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყაროთ ეს ყველაფერი. არ შეიძლება ასე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათა შორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება, ხომ ხედავთ. სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში, ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტა ხანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ ყველამ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ ერთმანეთსაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გადის და ბრუნდება ხოლმე. გაიგეთ, ხალხნო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გევექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“, – განაცხადა იმნაძემ.