პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ ერთ შემთხვევაში კორონავირუსით რეინფიცირება დადასტურდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „კოვიდ-19“-ით ხელახლა დაინფიცირების რამდენიმე საეჭვო შემთხევევას იკვლევენ, საიდანაც ერთის შემთხვევაში შესაძლოა, ეჭვები გამართლდეს.
ზუსტი ინფორმაცია კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ამისთვის საჭიროა, რომ მოძიებულ იქნას ორივე დადასტურებული ნიმუში, პირველადი, მეორადი და შემდგომ მოხდეს მათი გენეტიკური ანალიზი. შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს და ახლა უნდა დამთავრდეს გენური თანმიმდევრობის ბიოინფორმატიკული ანალიზი. შეიძლება, ვთქვათ, ერთი შემთხვევა ჰგავს, შეიძლება, მართლა იყოს რეინფიცირება. პრაქტიკულად სრულდება ანალიზები და ველოდებით, რომ გვექნება პასუხი ამ დღეებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხთან მუტირებულ შტამთან დაავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის ახალი შტამით დაინფიცირებულთა სამი კლასტერია გამოვლენილი, რომელიც ჯამში 31 ადამიანს მოიცავს. იმნაძის განმარტებით, სამივე კლასტერის კონტაქტები გამოვლენილია და გავრცელების საშიშროება არ არის.
თუმცა, იმნაძე განმარტავს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ამჟამად კიდევ რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
„ჯერჯერობით ბრიტანული შტამის სამი კლასტერი გვაქვს დადასტურებული, სამივე კლასტერში იყო 31 შემთხვევა, საბედნიეროდ, სამივე კლასტერი უკვე დახურულია. ძირითადად ოჯახური გავრცელება იყო. ორი კლასიკურად ბრიტანული იყო, ერთს ჰქონდა ძირითადი ის მუტაციები, რაც აქვს ბრიტანულ შტამს, მაგრამ კლასიკური ბრიტანული არ იყო. არ ყოფილა სამხრეთ აფრიკული, ასევე ბრაზილიური. ახლაც არის კვლევაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა. ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, საჭიროა გენური თანმიმდევრობის დადგენა, რასაც სეკვენსი ჰქვია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.