პაატა იმნაძე - ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, თუმცა არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან ვირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი საქართველოსთვის მაინც ბევრია.
პაატა იმნაძემ მოქალაქეებს კვლავ რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა.
„ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა, გაუმჯობესდეს. ყოველკვირეულად იკლებს შემთხვევები, ყოველკვირეულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, პიკიდან პირველ კვირაში, სადღაც 1 500 შემთხვევა იყო, შემდეგ კვირაში ნაკლები, შემდეგში სადღაც 1 000 შემთხვევით კიდევ ნაკლები, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, რადგან დაახლოებით 1 000 შემთხვევაა დღეში და ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია.
ვირუსის იმედზე ნუ ვიქნებით, ვიყოთ ჩვენი თავის იმედზე, მაქსიმალურად დავიცვათ არსებული რეგულაციები, რადგან პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოხსნილია, დარჩა რეგულაციები. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ რეგულაციებს, სამწუხაროდ, დაავადება არ გაქრება, მაგრამ შემთხვევები ნაკლები და ნაკლები იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.