პაატა იმნაძე - ეპიდემიოლოგიური პროგნოზი სახარბიელო არ არის, მით უმეტეს, ყველა იმ აქტივობის გათვალისწინებით, რაც ქუჩაში ხდება
პოლიტიკური პროცესები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არაფრით არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან შეზღუდულები ვიყავით იმ რეკომენდაციებში, რაც შეიძლებოდა მიგვეცა საკოორდინაციო საბჭოსთვის, გავითვალისწინეთ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ 600 000- ს გადააჭარბა.
„სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში მატულობს შემთხვევების რაოდენობა. მთელ მსოფლიოში სიტუაცია უარესდება, განგაში არის ატეხილი როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ისე უმრავლესი ევროპის ქვეყნების მიერ. თქვენ იცით, რომ გაცილებით მკაცრი შეზღუდვები არის დაწესებული ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ძალიან მკაცრი, ამ ლოკდაუნები, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში ამუშავდა. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთ ძლიერი, როგორიც სხვა ქვეყნების, ამიტომ მეორეჯერ საქართველოსთვის ძალიან მძიმე იქნება ასეთი სრული შეჩერების გადაწყვეტილების გამოტანა. მოდით ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში არის პოლიტიკური პროცესები. პოლიტიკური პროცესები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არაფრით არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან შეზღუდულები ვიყავით იმ რეკომენდაციებში, რაც შეიძლებოდა მიგვეცა საკოორდინაციო საბჭოსთვის, გავითვალისწინეთ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. აქედან გამომდინარე ის, რაც კეთდება არის ის მინიმალური აუცილებელი ღონისძიებები. ჩვენ გაზაფხულზე პრაქტიკულად შევძელით ის, რომ ქვეყანას ავაცილეთ ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი გამოიწვია უამრავ ქვეყანაში და ახლა პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს ის სიტუაცია, როცა ყველას აქვს მსოფლიოში მეორე ტალღა, ჩვენ ახლა გვაქვს პრაქტიკულად პირველი ტალღა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ვირუსის პირველი ტალღიდან ქვეყანა მინიმალური დანაკარგით გამოვიდა.
„ახლა ქვეყანა ყოველთვის ჩაკეტილი ვერ იქნება, ქვეყანა უნდა გახსნილიყო, ეკონომიკას უნდა ემუშავა, აქედან გამომდინარე, ახლა გვაქვს მეორე ტალღა. ეს მეორე რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე ვთქვი ფაქტორები, რომელიც გვზღუდავს წერტილოვან შეზღუდვებშიც, აქედან გამომდინარე, პროგნოზი რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის, მით უმეტეს ყველა იმ აქტივობის გათვალისწინებით, რაც ქუჩაში ხდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.