პაატა იმნაძე - დღეს რეალობა ასეთია, 125 დაავადებულიდან ერთი იღუპება, რამდენი 125-ით მეტი იქნება, მეტი დაიღუპება
კორონავირუსის წინააღმდეგ არაფერი სხვა არ მოუგონია კაცობრიობას, გარდა ორი რამისა – ნიღაბი და დისტანცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რაღა ვთქვა აღარ ვიცი, რადგან თებერვლიდან მოყოლებული ვიმეორებ და დღეს არის მართლა ის მომენტი, როცა თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული, თუ თითოეული ჩვენთაგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს, რომ პირბადით ვიაროთ ყველგან, ერთმანეთისგან დისტანციას დავიცავთ, დამერწმუნეთ, არაფერი არ გააჩერებს კორონას. ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც თითო ოროლა არის, სამწუხაროდ გაცილებით მეტი იქნება. ჯერ კორონას წინააღმდეგ არაფერი სხვა არ მოუგონია კაცობრიობას, გარდა ორი რამისა – ნიღაბი და დისტანცია. ამას დავიცავთ, კორონა გავრცელდება, იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა, ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ ძალიან მკაცრი შეზღუდვები კიდევ დაწესდეს ქვეყანაში.
„შეზღუდვები არის ის, რაც არ შეზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას. ჩვენ ვართ მართლაც ისეთ პერიოდში, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება რატომღაც პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვა, ამ დროს, ყველაფერი ისე კეთდება, რომ მაქსიმალურად ეს აღქმაშიც არ იყოს არავისთვის, რომ ეს არის პოლიტიკურ შეზღუდვებთან რაიმე კავშირში. ასე რომ, ჩვენ აი, ამ გზით უნდა ვიაროთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ ძალიან მკაცრი შეზღუდვები კიდევ დავაწესოთ, ამიტომ, დანის პირზე გვიწევს სიარული – შეზღუდვები, თან ისე, რომ ეკონომიკა ქვეყანაში ფუნქციონირებდეს. იმედია, რომ ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმასაც, რომ დღეს რეალობა ასეთია – 125 დაავადებულიდან, ერთი იღუპება. რამდენი 125-ით მეტი იქნება, იმდენი მეტი დაიღუპება. კიდევ უფრო მეტი დაიღუპება, თუ მეტი გახდება ავად. ეს არის მსოფლიოს სტატისტიკა. ბინაზე მკურნალობის დროსაც დაიღუპებიან ადამიანები სამწუხაროდ, როდესაც ათიათასობით ადამიანი ავად გახდება, ვიღაცა ბინაზეც დაიღუპება. ამიტომ არ გვინდა, რომ იყოს ათი ათასობით ავადმყოფი ერთად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.