პაატა იმნაძე - ჩვენმა სისტემამ გაუძლო 100 000 მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას, მესამე ტალღა რომ არ გვინდა, ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ცოტა კიდევ გავუძლოთ, გავახანგრძლივოთ შეზღუდვები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, ხარვეზებით, მაგრამ მსოფლიოსი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალ ავადობას გაუძლო.
იმნაძის თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა არ დაიწყოს, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება შეზღუდვების გახანგრძლივების თაობაზე.
„რაც შეეხება მესამე ტალღას, ჩვენ ვხედავთ, რომ, პრაქტიკულად, ევროპაში მესამე ტალღა ძალიან ბევრ ქვეყანაშია, ის, რაც ჩვენ გვქონდა ყველასთვის მეორე და ჩვენთვის რეალურად პირველ ტალღაზე, ნოემბრის ბოლო-დეკემბრის დასაწყისი, ჩვენმა სისტემამ გავუძელით მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას 100 000 მოსახლეზე. სისტემამ გაუძლო, ხარვეზებით, მაგრამ გაუძლო, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრმა ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ გაუძლო. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ არ გვინდა, რომ იყოს მესამე ტალღას რასაც ეძახიან, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ცოტა კიდევ გავუძლოთ, გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, რომ გვქონდეს იმის გარანტია, მესამე ტალღას, ასე ვთქვათ, გავუძვრებით და ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება. ამასობაში, წამოგვეწევა ვაქცინაციაც, სითბოც და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.