პაატა იმნაძე - ჩვენი რეკომენდაციები ეხებათ მორწმუნეებსაც და ათეისტებსაც, სოციალური დისტანცირება ერთადერთი გზაა, რათა ქვეყანაში შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყნაში კორონავირუსის შემთხვევბის მატების ტემპი რომ კონტროლირებადი იყოს და დღეში ასეულობით შემთხვევაში არ გადაიზარდოს, ერთადერთი გზა სოციალური დისტანცირებაა.
როგორც პაატა იმნაძემ რელიგიური დღესასწაულების მოახლოებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ყველას თანაბრად ეხება.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც ადამიანების თავმოყრაა, შესაძლებელია, ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს შეიძლება, მოხდეს ყველგან. ამის მაგალითები გვაქვს, სადაც უკვე მოხდა, გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები მუშაობენ ერთად, ასევე, სადაც იკრიბებიან. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება, მოხდეს გადაცემა, მათ შორის ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის, მორწმუნეებსაც და ათეისტებსაც, მათ შორის ანტიეკლსიურებსაც. ყველას ეხება ეს ჩვენი მოწოდება, რომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისგან. სოციალური სახის დისტანცირება არის ერთადერთი გზა, რათა ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი, არ გამოიხატებოდეს დღეში ასეულობით დაინფიცირებულით. შეიძლება, იყოს ათეულობით ახალი შემთხვევა და არა ასეულობით. ამისათვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის ღონისძიება, რაც არაერთხელ არის ნათქვამი. მათ შორის, სოციალური დისტანცირება, ოჯახებშიც კი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.