პაატა იმნაძე - ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე
ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე. მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით რჩევებს, საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს მთელი საქართველო არის საკარანტინო ზონა.
„მთელ საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები. საკარანტინო ზონებში თუ იქნება მისაღები რაიმე ღონისძიებები, ეს უკვე აღარ შეეხება ასე ლოკალურად ცალკე დასახლებებს, ლოკალურად ქალაქებს. შეიძლება, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ სჯობს, თუ იქნება მისაღები და გასამკაცრებელი, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. დაველოდებით ისევ და ისევ სიტუაციის განვითარებას. სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე. მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.